არასწორია ჩემი ხელფასის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, რომ თითქოს ის 33.000 ლარს შეადგენს. ეს არის სიცრუე. ვარ რიგით მე-5 და ყველაზე დაბალანაზღაურებადი დირექტორი წინამორბედებთან შედარებით. ჩემი ამჟამინდელი ხელფასი შეადგენს 16 000 ლარს, - ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რითაც ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ მისი ხელფასი 33.000 ლარს შეადგენს.
საგანელიძის განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომობილის სარემონტო ხარჯების შესახებაც. მისივე თქმით, ის გადაადგილდება ნიკა გილაურის ხელმძღვანელობის პერიოდში შეძენილი ავტომობილით, რომლის გარემონტებაზე 2017 წელს დაიხარჯა 120 ლარი და არა - 120 000.
"არასწორია ჩემი ხელფასის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, რომ თითქოს ის 33.000 ლარს შეადგენს. ეს არის სიცრუე. ვარ რიგით მე-5 და ყველაზე დაბალანაზღაურებადი დირექტორი წინამორბედებთან შედარებით. ჩემი ამჟამინდელი ხელფასი შეადგენს 16 000 ლარს. ქველმოქმედების მიზნით, ყოველთვიურად ვრიცხავ თანხას სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის თითო საუკეთესო სტუდენტისთვის; იმ საჯარო და მუსიკალური სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის, სადაც ვსწავლობდი; ჯერ კიდევ პარლამენტარობის დროს და ახლაც ვაგრძელებ ონის და ამბროლაურის სკოლების საუკეთესო მოსწავლეებისთვის; ონკოლოგიის ცენტრის ბავშვთა განყოფილებისთვის.
ხელფასიდან ვიღებ იმდენივეს, რაც პარლამენტში მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ საჯარო მოხელე და არ მევალება ქონებრივი დეკლარაციის შევსება, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევავსე დეკლარაცია, გავასაჯაროვე შემოსავლები.
გავრცელდა არასწორი ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომობილის სარემონტო ხარჯების შესახებაც. გადავაადგილდები ნიკა გილაურის ხელმძღვანელობის პერიოდში შეძენილი ავტომობილით, რომლის გარემონტებაზე 2017 წელს დაიხარჯა 120 ლარი და არა - 120 000.
ამ თემებზე საუბარი არ მსურდა, მაგრამ რადგან სპეკულაციები არ სრულდება, საჭიროდ ჩავთვალე, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა", - აღნიშნა მან.