დღეს თელავში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა იმართება. დისკურსიაში მონაწილეობას არ იღებს პრეზიდენტი, მაგრამ აქტიურობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის თარიღად 2023 წელია მითითებული.
„საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს, რაღაცის გვეშინია და რაღაც სუბიექტური ინტერესები გვაქვს. ეს საუბრები რომ გამოგვერიცხა, პროექტში ჩავწერეთ, რომ ეს რეგულაცია 2023 წლიდან ამოქმედდება. როგორ წარმოგიდგენიათ, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, გაისად არ გვეშინია, მაგრამ ამ წესის შენარჩუნება ხუთი წლის შემდეგ გვეშინია? – ყველაფერი გაკეთდა, რომ რაიმე საბაბიც არ დაგვეტოვებინა, მაგრამ ამაზე საუბარი მაინც გრძელდება. არანაირი შიში არ არსებობს და საპარლამენტო სისტემისთვის ბევრად უკეთესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება.
"მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, საპრეზიდენტო კამპანია თუ როგორი იქნება. არც ისლანდიური და არც ავსტრიული საარჩევნო კამპანიას არ ემსგავსება. ყველამ ვიცით, გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ჩვენი გულმხურვალე მხარდამჭერი იქნება. ჩვენთვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სუბიექტურად უკეთესია, რადგან ასეთ პირობებში არჩეული პრეზიდენტი უფრო მეტად გაგვაძლიერებს, მაგრამ იმაზე ვსაუბრობთ, რომ სისტემისთვის არაპირდაპირი წესით არჩევა სჯობს“, - დასძენს კობახიძე.