„თქვენი ორი მანდატი მითვისებულია?“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ. მან ამ კითხვით ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს მიმართა, რომელმაც მანამდე გაუნაწილებელი მანდატების მითვისებაზე ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, ოპონენტები ცდილობენ პოპულისტურად ნიუდგნენ საკითხს და მხოლოდ ზედაპირულად წარმოაჩინონ საკამათო პრობლემები.
„ვალდებული ვართ, იმ ბრალდებებს პასუხი გავცეთ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის. მართლაც, ჩვენს თავზე ვირგებთ თუ არა კონსტიტუციას და საარჩევნო სისტემას? ქალბატონო ირმა, პრაქტიკულად რამდენიმე დღეა, შეურაცხყოფასაც კი ვიტანთ. მგონი, წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ და ერთმანეთს რაღაცები არ უნდა დავაბრალოთ. კი ბატონო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ტყუილი და პოპულიზმია, როცა მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მითვისებულ ხმებზე ვლაპარაკობთ. თქვენი ორი მანდატი მითვისებულია? თქვენ პროპორციულად ექვსი მანდატი არ გეკუთვნოდათ და ორი მანდატი მიითვისეთ? რატომ წაიღეთ? - პირობითად ვამბობ, მაშინ, იმ ორმა ადამიანმა პარლამენტი დატოვოს და მითვისებული ხმები აღარ გექნებათ. ევროპის ქვეყნებში მანდატები ევროპელმა კოლეგებმა მიითვისეს? - ეს არის დათქმა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს და გარკვეულ მიზნებს ისახავს. ეს სტაბილურობის მიზანია, რასაც ირონიულად მოიხსენებენ ხოლმე. ეს მიზანია იმის, რომ მუდმივი ქაოსი და კრიზისი არ იყოს და ქვეყანა ცუდი გზით არ წავიდეს. მეორე მხარე პლურალიზმია“, - მიმართა ინაშვილს მდინარაძემ.