„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მიესალმება. კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აღნიშნავს, რომ მიუღებელია, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვას, თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან, რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, გამოკითხულთა 29% ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, 16% - საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო 11% - ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხულთა 14% შეკითხვას პასუხობს, რომ არ იცის.
გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ევროკავშირის წევრი მომავალ ხუთ წელიწადში გახდება. გამოკითხულთა 18% ფიქრობს, რომ 10 წლის შემდეგ, 10% კი მიიჩნევს, რომ არასდროს. კითხვაზე პასუხი არ იცის 32%-მა.
კითხვაზე გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, გამოკითხულთა 92 % აცხადებს, რომ ამის შესახებ იცის, ხოლო 7 %-ს არ სმენია.
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს, გამოკითხულთა 51 % ეთანხმება, 35 % - არ ეთანხმება, 7 %-მა არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.