სასტუმროში „რუმსი თბილისი“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის “25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები საერთო ღირებულებები და ინტერესები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და დაფიქსირებულ პროგრესზე. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცების საქმეში.
„გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელმაც, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიული რეფორმირების, ასევე, ინტეგრაციული კუთხით და ჩვენ მადლიერი ვართ მათი ამგვარი წვლილისთვის. გერმანია, ამავე დროს, არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ფინანსური დახმარების და შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ ფორუმებზე, სტრატეგიულ დისკუსიებზე ვმსჯელობთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ევროინტეგრაციულ პროცესებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე ამ პროცესში და არა მხოლოდ“,- განაცხადა ფორუმზე გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.
ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება.