ჩნდება შესაძლებლობა სამხედრო და „სხვა შეიარაღებული ძალები“ გამოყენებული იქნას საპროტესტო აქციების დასაშლელად, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით „სხვა შეიარაღებული“ ძალების შექმნის საფუძველი არ არის დადგენილი, ასევე არ არის დადგენილი მათი გამოყენების საფუძველი.
"ჩნდება შესაძლებლობა სამხედრო და „სხვა შეიარაღებული ძალები“ გამოყენებული იქნას არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, არამედ ”უსაფრთხოების სხვა ამოცანების” უზრუნველსაყოფად, მაგალითად, საპროტესტო აქციების დასაშლელად", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
დავით რაქვიაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ უპასხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად საჯარისო დანაყოფებს არ იყენებს.
მისივე განცხადებით, არგუმენტების მოყვანა, თითქოს არასათანადოდ შეიძლება იქნას გამოყენებული სხვა შეიარაღებული ძალები საფუძველს მოკლებულია.
"ვფიქრობ, რომ არგუმენტების მოყვანა, თითქოს არასათანადოდ შეიძლება იქნას გამოყენებული სხვა შეიარაღებული ძალები საფუძველს მოკლებულია. იმიტომ რომ თუნდაც საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს და ხელისუფლებას ჰყავს სხვა დანაყოფები და სხვა სტრუქტურები. შესაბამისად, იმის დაშვება, რომ არასათანადოდ საჯარისო შენაერთები იყოს გამოყენებული, არ მგონია, რომ საფუძვლიანი არგუმენტია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.