აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის განცხადებით, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციური კანონი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯია
მისივე თქმით, აჭარის მოსახლეობამ ამ შეხვედრით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა იმართება ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღო ამომწურავი პასუხები. გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონს, ერთხმად, მოწინააღმდეგის გარეშე დაუჭირეს მხარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეფექტური მართვისთვის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას", - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.