საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პროექტის „მე და კონსტიტუცია“ ფინალი გახსნა. მისი თქმით, კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, განსწავლული იურისტების, ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების, არამედ კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი და რომელიც იწყება სიტყვებით – ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის შემოქმედების და ცოდნის საგანი.
,,მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ინტერესი განაპირობებს იმას, რომ ხვალ და მომავალში საქართველო იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი ცოდნა ამ მიმართულებით, ეს ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუცია არ იქნება ცალკე მდგარი იურიდიული დოკუმენტი, არამედ ის იქნება ყოველი მოქალაქის ცოდნის საგანი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უფროსკლასელთა კონკურსი „მე და კონსტიტუცია“ პრეზიდენტის ინიციატივით წელს უკვე მეორედ იმართება და მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში კონსტიტუციის ცოდნის ამაღლებაა.
კონკურსი 6 თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და ფინალში ერთმანეთს 12 გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება.
პროექტი „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ განახორციელა.