აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის მიერ საბიუჯეტო კანონზე ხელმოწერას.
კობახიძის თქმით, ეს არის პირველი დოკუმენტი აშშ-ში და პრაქტიკულად, უკვე კანონის დონეზეა საუბარი რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედეტო მხარდაჭერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.
ეს არის პირველი დოკუმენტი აშშ-ში, პრაქტიკულად, უკვე კანონის დონეზეა საუბარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, რუსეთის მხრიდან ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე. კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას აშშ-სა და საქართველოს“, - განაცხადა ირაკლილ კობახიძემ.
ცნობისთვის,დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღიარებს. 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.
კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.