შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„მადლობას ვუხდი სერბეთის ეროვნულ ასამბლეასა და უკრაინის უმაღლეს რადას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ამ პირველი შეხვედრის ინიციირებისა და გამართვისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც ჩაერთონ.
„მართალია, მოლაპარაკებებს მთავრობები აწარმოებენ, მაგრამ სწორედ პარლამენტები ანიჭებენ ევროპულ ინტეგრაციას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩემს კოლეგებს რამდენიმე გზავნილს გავუზიარებ.
პირველი, ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ათწლეულების განმავლობაში „ციხესიმაგრე ევროპის“ კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური - „ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება“ - ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა. პირიქით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მოეპყრას მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.
მეორე, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს. პირობები უნდა იყოს მკაფიო, მიღწეული პროგრესი - სათანადოდ აღიარებული, ხოლო შუალედური სამიზნეები პოლიტიკური მიზნების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს. თუმცა, სამწუხაროდ, დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს. ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აშკარაა, რომ ისინი ევროკავშირის საარჩევნო ციკლებიდან, შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან ან ისტორიასა და იდენტობასთან დაკავშირებული დავებიდან მომდინარეობს. არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია მარტოს გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას, როდესაც იცის, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია, სუბიექტურ საფუძველზე, კანდიდატი ქვეყნის წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ, ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ.
მესამე, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს. როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. არ უნდა დავუშვათ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, „ჭკუის სწავლების“ ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის - საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში - ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში - გაფართოებაში მდგომარეობს.
„სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენს.
როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, „ძალა ერთობაშია“. ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.