„ბარიერი მაღალია საქართველოს რეალობასთან მიმართებაში“,- განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში. მისი თქმით, არსებული ნორმა პრობლემურ ბარიერებს ქმნის პოლიტიკურ ასპარეზზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი მუდმივად დგას ბარიერის გადალხვის პრობლემის წინაშე. ეს კი, ამავდროულად, ნიშნავს იმასაც, რომ მოქალაქეებს არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან პარლამენტი წარმოადგენს საზოგადოების პოლიტიკური განწყობების ასახვის ფორუმს და ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ საზოგადოებრივი განწყობების ადეკვატურ გამოხატვას. ასევე, პრობლემაა არაპროპორციული შედეგები და არაპროპორციული წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში, ვინაიდან, მაღალი ბარიერის გამო, ბევრი გაუნაწილებელი ადგილი რჩება და იგი გამარჯვებულ პარტიებს გადაეცემა. ეს იწვევს მათი წარმომადგელობის არაპროპორციულ ზრდას“,-განაცხადა მენაბდემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.
საარჩევნო ბარიერის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე ისაუბრა, მისი თქმით, არ არსებობს 5%-იანი ზღვარის დაწევის საჭიროება.
„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია ორი ძირითადი ელემენტი - ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პარტიებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.
ხაზს ვუსვამ, ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით 40%-ში პოლიტიკური პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერი მოქმედებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.