აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, სამშვიდობო ძალისხმევისა და თავდაცვისუნარიანობისა და ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერების პრიორიტეტების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
„მოხარული ვარ, რომ კანადაში, G7-ის სესიაზე მარკო რუბიოს შევხვდი. უკრაინა აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურ ენერგეტიკულ სანქციებს. უნდა გაგრძელდეს პუტინისა და მისი რეჟიმისთვის ომის ფასის გაზრდა, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი.
ასევე, მე მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, სამშვიდობო ძალისხმევისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერების ჩვენი კონკრეტული პრიორიტეტების შესახებ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა 11-12 ნოემბერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიწვევით დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად კანადას ეწვია.