ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.
ბერდია სიჭინავამ გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც მან საქმის მასალები ჩაიბარა.
"სიახლე აქ არაფერი არ არის, ბრალის დადგენილებაში წერია ის, რასაც საუბრობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში "ოცნების" პროპაგანდისტები, მათი პოლიტიკური სახეები, ის რაც ისმოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის კომისიაზე, ეს არის უბრალოდ ფურცელზე გადმოტანილი, თორემ დევნა ფორმალური, თუ არაფორმალური უკვე გიორგი გახარიას მიმართ თვეებია მიმდინარეობს.
ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა გიორგი გახარიას მიმართ დაანონსებული ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, შესაბამისად ამის შესრულებას და ინსტრუმენტალიზებას ვხედავთ დღეს.
ორად-ორი უწყება, რომელიც გიორგი გახარიას უყენებს პრეტენზიას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, ეს არის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და დღეს უკვე ივანიშვილის ე.წ. რეჟიმის მსახური პროკურატურა.
ბრალის დადგენილებას გავეცანით, რომელიც არის როგორც გითხარით, მშრალად გადმოცემული ფაქტები, თითქოს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით ეროვნული ინტერესები შეილახა და ნიშანდობლივია, რომ სუს-მა ეს ინფორმაცია თურმე ცხელი ხაზის მეშვეობით გაიგო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან.
მთავარი მოწმეები ამ შეთითხნილ საქმეში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სინდისზე, ეროვნული ინტერესების დაცვაზე, სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედების განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს. ესენი არიან ვინმე ნანა კაკაბაძე, ვახტანგ შაქარაშვილი, ვახტანგ გომელაური. მე ჩვენების შინაარსობრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ვერ მოვასწარი წაკითხვა, თუმცა ჩამონათვალი მტკიცებულებების, რომლებიც პროკურატურის შეფასებით ადასტურებენ ბრალდების მხარის წარმოდგენილ ვერსიას, ჩამოთვლილია პირთა ჩვენებები, რომელთა შორისაც არის კახი კახიშვილი, ვახტანგ გომელაური და სხვები...
ეს საქმე იქნება პრეცედენტული საქმე, ეს საქმე იქნება საქმე, რომლისგანაც ვერ გამოძვრება ვერც ერთი "ოცნების" წევრი, რომელიც ამ ღალატის კომისიაში იღებდა მონაწილეობას და ის პირები, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ინტერესები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ასეთი ბინძური, შეთითხნილი საქმე წამოიწყეს.
მოსალოდნელი იყო გიორგი გახარიასთვის, რომ მსგავსი სისხლისსამართლებრივი დევნა ფორმალურადაც დაიწყებოდა, არაფერი ახალი ამაში არ არის. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არ აღიარებს იმ შეთითხნილ ბრალს, რომელიც საქართველოს ინტერესების დაცვისთვის წაუყენეს. გახარიას დღეს ედავებიან ქართული მიწის დაცვას..." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.