საქართველოში ფიქციური პარტიების დაფინანსებისთვის მილიონობით ლარი იხარჯება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ 20 კვალიფიციური პარტია დაასახელა და საზოგადოებას კითხვით მიმართა, იცნობენ, თუ არა აღნიშნულ პარტიებს.
„მთავარი სიმახინჯე მხოლოდ ეს არ არის. ეს სისტემა პარტიული სისტემის განვითარებას ხელს უშლის. 20 კვალიფიციური პარტია დაგისახელეთ, სადაც 30 ადამიანია წარმოდგენილი და თუ გინდათ, ეს სისტემა დავტოვოთ და ეს თქვენი ხელფასიდან მილიონობით ლარს წაიღებს", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე მანდატების გადანაწილების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმჯობესი იყო, დღევანდელ სხდომაზე მათემატიკოსიც დასწრებოდა.
კარგი იქნებოდა, ჩვენთან მათემატიკოსიც ყოფილიყო. უფრო მეტად მათემატიკაზე ვსაუბრობთ, ვიდრე სამართლებრივ საკითხებზე. ე.წ. ბონუსი 8 პროცენტი იქნებოდა და სხვა არითმეტიკა არ არსებობს. ამას დაადასტურებს პითაგორას თეორემაც და ვენეციის კომისიაც", - აღნიშნა კობახიძემ.
კონსიტუტიცური პროექტის საყოველთაო განხილვა დღეს ქუთაისიდან დაიწყო. განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.