ახლა ბურთი არ არის იუსტიციის საბჭოს მოედანზე, ბურთი არის თქვენს მოედანზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატიავ არ ითვალისწინებს ცენზურას. როგორც მან აღნიშნა, თუ მედია გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს წინ, გაიაზრებს და გააცნობიერებს, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მისი ღირსება და პრესტიჟი მათი საზრუნავიცაა, ძალიან კარგი იქნება.
"მინდა მივმართო მედიას, რომლის მიმართაც უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ, ვაღიარებ მათ კომპეტენციას. არ იფიქროთ და არ წარმოიდგინოთ, რომ უშუალოდ ლევან მურუსიძეს ან კონკრეტულ მოსამართლეს სჭირდება დაცვა. მიმაჩნია, თუ მედია გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს წინ, გაიაზრებს და გააცნობიერებს, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მისი ღირსება და პრესტიჟი მათი საზრუნავიცაა და ის თავისუფლება და ნიჭი, რაც გააჩნია დღეს ჩვენს მედიას, გამოიყენებს არა მარტო კრიტიკული და ნეგატიური სიუჟეტების გასაკეთებლად, რაც მათი უფლებაა თავისთავად, არამედ თუ თქვენს ნიჭს, ძალისხმევას, უნარს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას გამოიყენებთ იმ საერთო მიზნის გასაძლიერებლად, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების ღირსება და ავტორიტეტი, ძალიან კარგი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით შეკრებაზე, პოზიციების გამოხატვაზე და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებაზე ჰქონდა თხოვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ახლა მედიის ყველა წარმომადგენელს და შეთავაზების ადრესატს სრული თავისუფლება აქვს გადაწყვიტოს, თავიანთ ნიჭს, უნარს, თავისუფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ იყოს მხოლოდ კრიტიკა და ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირი ლანძღვა, თუ გავერთიანდებით საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია მართლმსაჯულების პრესტიჟი, ღირსება და დამოუკიდებლობა. ახლა ბურთი არ არის იუსტიციის საბჭოს მოედანზე, ბურთი არის თქვენს მოედანზე”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.