სასიხარულოა, რომ საზოგადოების მობილიზებამ და ზეწოლამ გამოიღო შედეგი და დღეს დილით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ,,ღამის მგლების’’ 50-მდე წარმომადგენელს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, - ამის შესახებ მოძრაობა "თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
კანდელაკი მოითხოვს, რომ დაჯგუფების დანარჩენ წევრებსაც ასევე უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე.
,,ჩვენ გუშინ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, რომ არ შემოეშვათ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ღამის მგლები’’, რომლებიც აპირებდნენ ჩამოსვლას 9 მაისისთვის. მოვითხოვთ, რომ დაჯგუფების დანარჩენ წევრებსაც ასევე უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე. მოგეხსენებათ, ეს ექტრემისტული დაჯგუფება არის პირდაპირ დაკავშირებული ვლადიმერ პუტინთან და ფინანსდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. ,,ღამის მგლები’’ ასევე არ შეუშვეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ასეთი ერთ-ერთია პოლონეთი. დაჯგუფების წევრები იქცევიან უაღრესად გამომწვევად, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არ სცემენ პატივს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყდეს ჩვენი ქვეყნის შიგნით პრორუსული დაჯგუფებების წახალისების სამწუხარო პოლტიკა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება’’, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ცნობისთვის, 50-მდე რუსი ბაიკერი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.