ქართველებს გვეამაყება ქართველი და ებრაელი ხალხის სამაგალითო მეგობრობა და თანაცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ორ ერს შორის ძმობა იყო ყოველთვის განსაკუთრებულ პარტნიორობაში გადაზრდილი, რომელიც დღითი-დღე ღრმავდება და სტრატეგიული ხასიათს იძენს.
"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ისრაელისთვის. ვიცით ებრაელი ხალხის უმძიმესი ისტორია. საქართველოსაც მძიმე ისტორია აქვს და სწორედ ამიტომაცაა, რომ ამდენი საერთო გვაქვს ისრაელთან. ჩვენ, ქართველებს, გვეამაყება ქართველი და ებრაელი ხალხის სამაგალითო მეგობრობა და თანაცხოვრება, რომელიც მრავალი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოს მიწაზე და სულ უფრო მყარდება.
სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ორ ერს შორის ძმობა იყო ყოველთვის განსაკუთრებულ პარტნიორობაში გადაზრდილი, რომელიც დღითი-დღე ღრმავდება და სტრატეგიული ხასიათს იძენს. წელს ჩვენ ვზეიმობთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც ისრაელის მთავრობას გააჩნია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროებს შორის.
"გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში. ამ თანამშრომლობას საუკუნეების ტრადიცია აქვს. 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა დავიდ ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღდგენილია 7 სინაგოგა და ამ უდიდეს საქმეში ფასდაუდებელია ფონდი ”ქართუს” და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.