თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეუთოს ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, 2012 წელთან შედარებით, მედიათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია წინ გადადგმული.
„მათი განწყობაა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მედიათავისულფების კუთხით და გარემო თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლამდე იყო. ეს ცალსახად დაფიქსირდა", - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლიტველ ექსპერტთან დაინიუს რადზევიჩიუსთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველთან აიდარ ბოტაგაროვთან შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო გოგუაძე და ირინა ფრუიძე ესწრებოდნენ, განხილული იყო საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და ამ კუთხით ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები.
როგოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთოსთან თანამშრომლობის ფორმატი ექსპერტების ვიზიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვუმასპინძლოთ მედიის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს. ზუსტად იმიტომ, რომ არის გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოფისის წარმომადგენლები საქართველოში არიან, მდგომარეობას აფასებენ და შესაბამისად, მოგვიანებით გვექნება მათი რეკომენდაციები თუ რა ფორმით ითანამშრომლებენ საქართველოსთან, იქნება ეს, მაგალითად, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, თუ იქნება ეს ხანგრძლივი ექსპერტული მისია. ჯერჯერობით, მე ამაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს. მისიის დასრულების შემდეგ გვეცოდინება მათი საბოლოო რეკომენდაციები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რომელიც ამ ვიზიტის მასპინძელია.
მისივე თქმით, მედიის თავისუფლების კუთხით, მედიის ხარისხის კუთხით საქართველოს შეუძლია ახალ ეტაპზე გადასვლა და უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ამ პროცესში ჩვენთან ერთად იქნება და დაგვეხმარება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.