2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში გაიმართა.
მისი თქმით, თავად მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, როგორც საერთაშორისო დონორული ძალისხმევის მონაწილემ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად. მისივე განცხადებით, აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით საქართველომ მიიღო დაფინანსება ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და ეფექტიანი კადრების მოსამზადებლად, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განათლების სფეროში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიის სფეროში, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში.
"აშშ გვერდში გვედგა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებაში, ასევე დემოკრატიის განმტკიცებაში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა. თავად მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, როგორც საერთაშორისო დონორული ძალისხმევის მონაწილემ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად.
გარდა ამისა, აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით საქართველომ მიიღო დაფინანსება ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და ეფექტიანი კადრების მოსამზადებლად, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განათლების სფეროში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიის სფეროში, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში - ყოველივე ეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ორი კომპაქტის წყალობით მოხდა.
2009 წელს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც დღესაც წარმოადგენს ჩვენი ფართო და სულ უფრო მზარდი ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დადგენის მთავარ მექანიზმს”, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.