რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სორინ გრინდეანუს განცხადებით, ორივე მხარისათვის საინტერესოა, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგიონალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვების დერეფნის ამოქმედებას ისახავს მიზნად. სორინ გრინდეანუს თქმით ორივე ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია შავი ზღვის, როგორც ევროპას, აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის არსებული ხიდის ეკონომიკური პოტენციალით.
"ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, რაც ინვესტიციების წახალისებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონის ზრდას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ჯერ სათანადოდ არ აუთვისებიათ და გამოუყენებიათ. პრემიერ-მინისტრთან ერთად გადავწყვიტეთ ამ პროცესის დაჩქარება და ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის გააქტიურება, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩასატარებელი სესიის გზით უნდა მოხდეს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომა 2002 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად, მისი საქმიანობა უმოკლეს ვადაში უნდა გააქტიურდეს. რუმინული კომპანიების მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია", - განაცხადა სორინ გრინდეანუმ.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ დიდ წარმატებას.
"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვითარებას საჭიროებს, ტურიზმის სფეროა - ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მას შემდეგ, რაც სულ ახლახან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიეცათ. ეს იყო საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარება და ამ შედეგს რუმინეთი მხარს უჭერდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს პირადად მივულოცო ეს მიღწევა", - აღნიშნა სორინ გრინდეანუმ.