პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას, - ამის სესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ყველას გახსოვთ პროცესის დაწყებისთანავე პრეზიდენტის შეთავაზება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით.
ნაცვლად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა.
საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა.
დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით - კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედაგად მოხერხდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის შეფასებას - პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას.
შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით, რეალურად ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც მომავალში მარავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას კრიტიკულად ამცირებს, ხალხის განწყობის პროპორციულად ასახვას არ უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია.
ახალი კონსტიტუციით არ არის უზრუნველყოფილი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც, რაც ასევე წარმოადგენს საპარალამენტო რესპუბლიკის ერთერთ მთავარ მახასიათებელს.
გარდა ამისა, წარმოდგენილ პროექტში უგულვებელყოფილია ამომრჩევლის უფლება - ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით.
თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე. ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო - უშიშროების საბჭო.
შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს.
კონსტიტუციის წამროდგენილ ვერსიაში ასევე გაუარესებულია სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც გამოიხატება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის შეცვლასა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში.
საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ეს არის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არსებული პრობლემური საკითხების არასრული ჩამონათვალი.
შემოთავაზებულ ვერსიაში არის კიდევ თემები, რომელიც საჭიროებს შესწავლასა და ანალიზს. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, კონსტიტუციის ამ ვერსიაში გაჩნდა დადებითი ჩანაწერებიც”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი განაგრძობს კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ფართო ფენებთან მიმდინარეობს დისკუსია საკონსტიტუციო თემებზე. შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში ჯავახეთში გაიმართება.