ევროკავშირთან და ნატო-სთან მიერთება ქართველი ხალხისთვის არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება, რომლის ორგანიზებაც ითავა ფონდმა, რომელიც ატარებს ალექსანდრე რონდელის სახელს - არაჩვეულებრივი ადამიანისას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საფუძვლის ჩაყრაში - შედეგად, მივიღეთ ცენტრი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის მიზნით განუწყვეტლივ ქმნის ახალ ინტელექტუალურ ძალას. ამდენად, დიდ მადლობას გიხდით ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა STRATPOL-სა და Visegrad-ის საერთაშორისო ფონდს უსაფრთხოების ფორუმის ხელშეწყობისათვის.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არამხოლოდ ჩვენი რეგიონისათვის, არამედ უფრო გლობალური თვალსაზრისითაც გამოწვევებით სავსე ხანაა და აქ თავმოყრილ შესანიშნავ საზოგადოებასთან ერთად შევეცდები, არსებულ გამოწვევებზე ვიმსჯელო. საქართველო აფასებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დისკუსიის გააქტიურებას. უკანასკნელი მოვლენები ცხადხყოფენ ერთიანი სტრატეგიული ხედვისა და უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმების არსებობის საჭიროებას ევროპული და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია გამყარდეს თანამშრომლობა საქართველოსა და დასავლეთ პარტნიორებს შორის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-ს დღის წესრიგს, სხვა საკითხებთან ერთად, უნივერსალურად უმნიშვნელოვანესი საკითხი - შავი ზღვის უსაფრთხოებაც დაემატა. საქართველო, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, ერთგულია მიზნისა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.