მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაასახელა. კვლევის პერიოდი მოიცავს 2016 წელს.
კვლევის თანახმად, ე.წ. „კრემლისტურ პარტიებს“ შორისაა - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“, „სოციალისტური საქართველო“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ცენტრისტები“, „მემარცხენე ალიანსი“ „ჩვენი სამშობლო“ და „ქართული დასი“.
ე.წ. ანტილიბერალურ, ეთნონაციონალისტურ პარტიებს შორისაა „პატრიოტთა ალიანსი“ და „ეროვნულები“, ხოლო ე.წ. „ჰიბრიდულ გაერთიანებად“ მიიჩნევა „ქართული ოცნება“.
„პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე მეტი რაოდენობა „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოსა“ და მასთან დაკავშირებულ „სახალხო კრებაზე“ (96) მოდის. შემდეგია - „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ (55), ასევე „ვალერი კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“ (44), მას მოსდევს „ქართული ოცნება“ (43), შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ - (40), „ქართული დასი“ – (23), „ეროვნულები“ – (12), მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - (12), „ჩვენი სამშობლო“ – (11), „ცენტრისტები“ – 11, „თეთრები“ – 9, „მემარცხენე ალიანსი“ (9). სხვადასხვა დროს, საერთო ჯამში, 7 ანტიდასავლური პროპაგანდის მატარებელი განცხადება გააკეთა „ტრადიციონალისტებმა“, „ეროვნულმა ფორუმმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“, - აცხადებენ მედიის განვითარების ფონდში.
MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ პოლიტიკოსებს შორის დაასახელა ნანა დევდარიანი, გოგი თოფაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, დავით თარხან-მოურავი, გიორგი მაღლაკელიძე, ემზარ კვიციანი, ირმა ინაშვილი, ირმა ცხორაგაული, თამაზ მეჭიაური, ნუკრი ქანთარია და ომარ ნიშნიანიძე.
ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ 5 საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორისაა, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „ევრაზიული ინსტიტუტი“, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, „გლობალური კვლევების ცენტრი“, „სტალინი“.
რაც შეეხება საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ანტიდასავლურ განწყობებს „ობიექტივის“ მაყურებლები სატელეფონო ჩართვების ფორმატში გამოხატავდნენ.
„ანტიდასავლური ნარატივის ფორმატში, ხშირად ჩნდებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. ასევე ანტიდასავლურ ნარატივს ავითარებდნენ რეზო ამაშუკელი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, სოსო ცინცაძე, მიხეილ ცაგარელი და გივი სოხმაშვილი .
რაც შეეხება სასულიერო პირებს, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდნენ, გიორგი რაზმაძე, დავით ისაკაძე, დავით ქვლივიძე და ბასილ მკალავიშვილი, რომელიც განკვეთილია ეკლესიიდან“, - აღნიშნულია კვლევაში.