არის უამრავი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტში ზიანის მომტანი ნივთიერებებია, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს რეალური თუთუნი აღარ არსებობს სიგარეტში და მასში ,,არის სხვადასხვა მინარევები, გაურკვეველი წარმოშობის გენეტიკური შხამების ნაკრები”.
”ელექტრონულ სიგარეტთან მიმართებაში კანონპროექტში არსებობს რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ ელექტრო სიგარეტი უნდა იყოს რეგულირებადი პროდუქტი. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს რა დოზით და რა კანონმდებლობით ხდება ცვლილება. ფაქტია, რომ დღეს როგორც ხდება ელექტრონული სიგარეტის რეკლამირება როგორც სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივის, ეს შეცდომაში შეყვანაა ადამიანების. შესაძლოა, ცალკეულ მუხლებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ რეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს. არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც ცალკე კანონი არეგულირებს. არის უამრავი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ის ნივთიერებები, რომელიც ელექტრო სიგარეტშია ზიანის მომტანია. ყოველ შემთხვევაში, საბოლოო დასკვნა ამ თემაზე არ არის გამოტანილი”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, მთავრობას 17-გვერდიანი შენიშვნები აქვს.