„ხელისუფლებაში მოდის პოლიტიკური ძალა და შემდეგ ფიქრობს, როგორ დარჩეს მუდმივად“ - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „პოლიტმეტრის“ ეთერში. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია და ამით ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს. ხოლო მიუხედავად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისა, შექმნეს საკონსტიტუციო კომისია, რომელითაც ვენეციის კომისიის თვალში დემოკრატიის ნიღაბს ირგებენ, თუმცა კომისიაშიც მათი აზრია გადამწყვეტი და ოპოზიციურ პარტიებს არ ეძლევათ ღირებული ინიციატივის ჩამატების შესაძლებლობა.
ახვლედიანმა არჩევნების წესზეც ისაუბრა და მას მანკიერი სისტემა უწოდა, რადგან არსებული მოდელი უმრავლესობას უფლებას აძლევს, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი მანდატები მიისაკუთროს.
„იმისათვის, რომ მხოლოდ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ დააკომპლექტოს საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, ძალაუფლების კონცენტრაცია რომ მოხდეს, რომ შემთხვევით კრიზისი არ დაგვემართოს და ა.შ. ამისათვის აუცილებელია მიიღონ ისეთი მანდატები, რაც მათ არ აუღიათ. ანუ ბარიერს ქვემოთ რაც დარჩება მანდატები, ყველაფერი მათ საჩუქრად უნდა ვაჩუქოთ.“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.