დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით მომზადდა, გათვალისწინებულია კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროგნოზირებადობა, საჯაროობის უზრუნველყოფა და კომიტეტის საზედამხედველო როლის გაძლიერების ღონისძიებები. ასევე, კომიტეტის აპარატის გაძლიერებისა და განვითარებისათვის აუცილებელი მოქმედებები. სამოქმედო გეგემაში ასახულია კონკრეტული ღონისნიძიებები, მათი შესრულების ვადები და განსაზღვრულია მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.
ღონისძიება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის, პირველად შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რომელიც არის სტრატეგიული ხედვა როგორი უნდა იყოს კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის მრავალმხრივი პროცესი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და როგორი უნდა იყოს კომიტეტის სამოქმედო დღის წესრიგი 2017-2018 წლებში.
„შეიქმნა ძალიან საინტერესო დოკუმენტი და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ განაცხადი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან რა ტიპის რეფორმებზე ვაპირებთ მუშაობას შემდეგი წლების განმავლობაში, არამედ ეს იქნება ახალი ფორმატების შეთავაზება იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ კომიტეტის მუშაობა საკანონმდებლო და საზედამხედველი საქმიანობის კუთხით“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კაიდო სირელმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტია, რომელსაც ყველა მიმართულებით ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამოქმედო გეგმების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო კომიტეტების, არამედ მთლიანად პარლამენტის საქმიანობისთვის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ასეთი გეგმების არსებობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა პირველ რიგში იმისთვის, რომ ერთი მხრივ, თავად კომიტეტის საკანონმდებლო მუშაობის პროცესი იყოს უფრო ორგანიზებული და კოორდინირებული, ხოლო მეორე მხრივ, კომიტეტის და პარლამენტის საქმიანობა გახდეს განჭვრეტადი და გამჭვირვალე.
„ეს გეგმა იმით არის საინტერესო, რომ ყურადღებას ამახვილებს კომიტეტის საქმიანობის ისეთ საკითხებზე და ისეთ მიმართულებებზე, რომელიც მანამდე კომიტეტის ძლიერი მხარე არ იყო, ვსაუბრობ საზედამხედველო ფუნქციაზე. იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომები ზოგადად, საქართველოს პარლამენტს გადაიყვანს საქმიანობის უფრო მაღალ სტანდარტზე და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი მუშაობის ხარისხს. დიდი მადლობა ქალბატონ ეკას, რომელმაც საქართველოს პარლამენტში საფუძველი ჩაუყარა კომიტეტების მასშტაბით სტრატეგიული დაგეგმარების ტენდენციას“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და შესაბამისობა როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონულ აქტებთან ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მართლმსაჯულების წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი გეგმა, რომელსაც იცნობს სასამართლო სისტემა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არის ძალიან ეფექტური ღონისძიება მიმდინარე წლისთვის, რომ ვიმუშაოთ იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით, პარლამენტთან აქტიურად და მივაღწიოთ ყველა იმ საკანონმდებლო ხარვეზის სრულყოფას, რაც ქართულ მართლმსაჯულებას გახდის უფრო ეფექტურს, ხელმისაწვდომს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფილს“,-აღნიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა განაცხადა, რომ ასეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის მისი წარდგენა არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს აუმჯობესებს სამუშაოს ეფექტიანობას, სტრუქტურას ბევრად უფრო გახსნილს, ანგარიშვალდებულს და გამჭვირვალეს ხდის ყველას მიმართ. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემს დემოკრატიული ფორმებით მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის საქმიანობაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საზოგადოებას და ქვეყანას სთავაზობს პროგნოზირებად სამუშაო რეჟიმს და ყველას აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, წინასწარ დაგეგმონ სამუშაო, უკეთ მოემზადონ იმ ცვლილებებისთვის და პროცესებისთვის, რომელიც ამ გეგმაშია მოცემული“.
გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პარტნიორები არიან ევროკავშირთან ერთად. მან სამოქმედო გეგმის განხორციელებაში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართლმსაჯულების პროექტის მენეჯერმა პიტერ დანისმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა უდავოდ უზრუნველყოფს კომიტეტის საქმიანობის განჭვრეტადობას, სტრატეგიულ დაგეგმვას, კოორდინაციასა და გამჭვირვალობას, იმ შემთხვევაში, თუ გეგმა საფუძვლიანად იქნება მომზადებული და მოხდება მისი სათანადო პრაქტიკული გამოყენება.
„ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად მხარს უჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ამ თვალსაზრისით“,-აღნიშნა კაიდო სირელმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სტრატეგიულ მიზნებსა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა.
მისი განცხადებით, დოკუმენტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნა არა მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტი და კომიტეტის დებულება, არამედ:
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი;
საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა;
„ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივა;
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა;
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020 წლებსათვის);
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის);
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საპარლამენტო ზედამხედველობა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა და რეაგირება ანუ კონკრეტული ქმედეთი ღონისძიებები პეტიციებზე, განცხადებებზე, საჩივრებზე, როდესაც იურიდიული პირები ან მოქალაქეები მომართავენ კომიტეტს.
გარდა ამ მიმართულებებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა კომიტეტის სხვა ფუნქციებზე, მათ შორის, პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების კანდიდატურების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე.
პრეზენტაციის შემდეგ, საინტერესო დისკუსია გაიმართა. ეკა ბესელიამ ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და სამოქმედო გეგმა შემუშავდა „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). სამწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2015 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ასევე, პროექტის კონსულტანტის, ირაკლი ჩიქოვანისა და კომიტეტის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობი