ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა გააგრძელეს.
დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებაა გამახვილებული საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. მასში თავმოყრილია სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები.
სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების მიმოხილვით დაიწყო. მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავთა რეაგირება იყო ეფექტიანი, თუმცა იყო, ასევე, არაეფექტური რეაგირების ფაქტებიც. მან ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების დროს, რიგ შემთხვევებში პოლიციამ და თსუ-ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს ერთი მხრივ, ამ შემთხვევების პრევენცია და მეორე მხრივ, მათზე ეფექტიანი რეაგირება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შესაბამისი პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხის შესწავლა.
სახალხო დამცველი ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების ფაქტების გონივრულ ვადაში გამოძიებას და აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი შეფასებით, მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობას უქმნის საფრთხეს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის მექანიზმი, დაწესდება სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში.
სახალხო დამცველის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, 2016 წელს მოიმატა იმ განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობამ, რომლებშიც მოქალაქეები მიუთითებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტებზე.
სახალხო დამცველი გამოსვლაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასაც შეეხო. მისი თქმით, მათ გამოსაძიებლად ადეკვატური ღონისძიებები არ ყოფილა გატარებული. „ამ არასაკმარისმა რეაქციამ დაუსჯელობის სინდრომი კიდევ ერთხელ უფრო გაამყარა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში არაერთი მოქმედება ჩაატარა და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით რამდენიმე პირი მისცა პასუხისგებაში, თუმცა აღნიშნული მასალის გამავრცელებლების ვინაობა საბოლოოდ კვლავ უცნობია“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას არ გამოვლენილა დარღვევები, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. მათი დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, გადაიხედოს წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მაუწყებლის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები, სამაუწყებლო ბადეში სამთავრობო გუნდის მიერ განთავსებული ვიდეოების წინასაარჩევნო რეკლამასთან გაიგივების თავიდან აცილების მიზნით.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2016 წელი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტაბილურად მძიმე იყო. გამოვლინდა მკვლელობის და გაუჩინარების ფაქტები. მისი მოსაზრებით, შემთხვევების ირგვლივ გამართული უშედეგო მოლაპარაკებები ნათლად წარმოაჩენს მხარეთა შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობას, აჭიანურებს გამოძიებას და აფერხებს სიმართლის დადგენას. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, შემუშავდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების თაობაზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს კანონი ეკომიგრანტების შესახებ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და რომლითაც საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმ სტიქიური მოვლენის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მოსახლეობის მიგრაცია გამოიწვიოს.
სხდომაზე სახალხო დამცველმა ბათუმში 2017 წლის 11-12 აპრილის პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა გაანალიზდეს აღნიშნული ნაკლოვანებები და შეფასდეს რამდენად არის მზად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს.
სახალხო დამცველმა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა. „კანონის მიხედვით სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. საგულისხმოა, რომ კომისიას განსახილველად წარედგინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ წინასწარ შერჩეული სამი კანდიდატი, თუმცა კანონი არ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იხელმძღვანელებს სამი კანდიდატურის შერჩევისას. შესაბამისად, კომისია თავიდანვე შეზღუდულია არჩევანში, რაც კომისიის მსჯელობას აზრს უკარგავს”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენმა სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის წესსა და კონტროლის მექანიზმის ნაკლოვანებებზეც გაამახვილა ყურადღება.
სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებმა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გამართეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების არსებული მოდელი ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების გამოცდილებას. „ჩვენ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ეჭვქვეშ დადგეს, ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები. დარწმუნებული ვარ ის მოდელი, რაც მივიღეთ, იცავს ამ ბალანსს და თუ შემდგომში გაუმჯობესება იქნება აუცილებელი, გაუმჯობესებასაც შევძლებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მიღებული კანონი აბსოლუტურად კონსტიტუციურია და შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს“ - განაცხადა სოფო კილაძემ. ის ასევე გამოეხმაურა მედიის თავისუფლების საკითხს. „მედიის თავისუფლება დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის. არასდროს იმდენი არხი არ ყოფილა საქართველოში, რამდენიც დღეს არის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დებატების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საკუთარი უწყებების მისამართით გამოთქმულ რეკომენდაციებზე ისაუბრა და მისი შესრულების მიმდინარეობაზე ანგარიში წარმოადგინა. მან სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში, ბათუმის მოვლენებზე გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, სპეცრაზმის მხრიდან ადრეული რეაგირების შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი დაზარალდებოდა და მატერიალური ზიანი უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. „დღეს ჩვენ გვყავს არა 20 დაზარალებული, ან 1 გარდაცვლილი ადამიანი, არამედ დაზიანებული რამდენიმე ავტომობილი და ქუჩის ინფრასტრუქტურა. ევროპული სტანდარტი ამბობს, რომ მოქალაქეს და მისი ფიზიკურ უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა აქციის მონაწილეა თუ არა და არღვევს თუ არა კანონს, ენიჭება უპირატესობა, ვიდრე ქონებას, რომელიც ზიანდება.“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.