სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დღეისათვის არსებული პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, რაც გამოიხატება მხარეთა შესაბამის უწყებებს შორის ინტენსიური კონტაქტების დინამიკით. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოზიტიურ განვითარებას, კერძოდ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში, ასევე მიმოხილულ იქნა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და მათი ხელშეწყობის გზები.
განსაკუთებული ყურადღება დაეთმო ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დაახლოებისა და უკეთ გაცნობის აუცილებლობას. ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობისა და პოპულარიზაციის დონის ამაღლებას, არსებული ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად. ამას გარდა, მხარეებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა.