„მთლიანობაში, ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება უმრავლესობის მხრიდან, რომ პრეზიდენტს ბრალდება ყველაფერი. გარდა იმისა რომ აქამდე არსებობდა გარკვეული ტიპის მუქარები, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე კონსტიტუციის ცვლილების, ახლა შემოვიდა ახალი თემა და ეს არის ასე ვთქვათ, შეთქმულების თეორეიების და კონსპირაციების ჩამოყალიბება. კერძოდ, საუბარია რეალურად იმაზე, რომ რაც უფრო მეტად მივდივართ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ თვითიზოლაციაში, რაც უფრო მეტად ვიკეტებით ვიწრო წრეში, რაც უფრო მეტად ვუსმენთ მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს და რაც უფრო მეტად ვწყვეტთ კონტაქტს საზოგადოებასთან, ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ხოლმე კონსპირაციის თეორიები. ერთერთი ასეთი მთავარი კონსპირაციის თეორია ჩამოყალიბდა სწორედ ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვესაუბრებით თურმე საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა შეთქმულებებს კომისიის დატოვებაზე და ა.შ.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა „არჩევანის“ ეთერში.
მისი თქმით, არ არსებობს მსგავსი მტკიცებულება და არგუმენტად გუშინდელი შემთხვევა მოიყვანა: „გუშინ საკონსტიტუციო კომისიისგან მივიღეთ დოკუმენტი, თუ როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ ხდება არაპირდაპირი არჩევა პირდაპირის სანაცვლოდ და როგორ უქმდება უმნიშვნელოვანესი ორგანო, უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე და ეს დოკუმენტი არის ერთობლივი, ყველა იმ კომისიის წევრის ვისთანაც ჩვენ გვდებდნენ ბრალს სხვადასხვა ტიპის კონსპირაციის შეთქმულებებში“.
აბაშიშვილმა კონსტიტუციის განხილვის საყოველთაოობის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა არის ხალხთან განსახილველი საკითხი, რათა გათვალისწინებული იყოს მათი ინტერესები სამომავლო კონსტიტუციაში.