თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძემ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიში დადებითად შეაფასა და საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს ალექსანდრე ელისაშვილს მიმართა.
,,მართლაც ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მიმდინარე ძვრებს ვერ დაინახავს.
გაუგებარია ჩვენი ოპონენტების პათოსი, თითქოსდა, ჩვენ ერთ დღეში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი“, - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ დღევანდელ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მისი ოპონენტი კოლეგები მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვებით არიან დაკავებულები.
„ბატონო ალეკო თქვენ, რომელიც მხოლოდ კორუფციაზე საუბრობთ, იქნებ გვიპასუხოთ, თუ რა გააკეთეთ იმ 250 000 ლარით, რომელიც დღეის მდგომარეობით თქვენს ბიუროზეა დახარჯული.
მე წავიკითხე თქვენი ანგარიშები, რომელიც მოსახლეობას ჩააბარეთ და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, უთქვენოდ ეს ქალაქი დაიღუპებოდა. თუკი რაიმე კარგი გაკეთდა ყველაფერს თქვენს დამსახურებად მიიჩნევთ. მე ვერ ვხვდები, თუ რატომ ხდება თქვენი მეტამორფოზა საკრებულოს დარბაზში. სრულიად განსხვავებულია თქვენი ლექსიკა, როდესაც ტელევიზიების საშუალებით ცდილობთ საკუთარი თავის წარმოჩენას, თუმცა, სამწუხაროდ, საქმიანს ვერაფერს ამბობთ ’’,- აღნიშნა ნუგზარ მალაღურაძემ და
ალექსანდრე ელისაშვილს უაზრო კრიტიკისა და ხალხით მანიპულირების ნაცვლად საქმიანი ინიციატივების მოწოდებისკენ და კონსტრუქციულობისკენ, ასევე გარკვეული პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებისკენ მოუწოდა.