საქართველოს საჰაერო ბაზარზე მგზავრთა გადაყვანით Turkish Airlines-ი ლიდერობს, თუმცა მისი წილი შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თურქული ავიაკომპანია იანვარ-მარტში საქართველოს ბაზარზე 74 963 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთა გადაყვანის ჯამური მაჩვენებლის (597 976) დაახლოებით, 13%-ია. შარშან 3 თვეში ბაზარზე 21%-იანი წილი ეკავა.
ბაზარზე მეორე ადგილი უჭირავს Ukraine International Airlines -ს (FlyUIA), რომელიც 65 352 მგზავრს მოემსახურა, ჯამური რაოდენობის 11%-ს. წლიურად მისი წილიც შემცირებულია. შარშან კი 13%-ს იკავებდა.
სამეულშია Wizz Air-ი, 49 652 მგზავრით და ბაზრის 8%-იანი წილით. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი მზარდია.
დაახლოებით ამდენივეა (7.9%) Georgian Airways -ის წილიც, ქართული ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 3 თვეში 47 836 იყო. გასულ წელთან შედარებით მისი წილი 1,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ქართული კომპანია წელს სამეულს მიღმაა.
ხუთეულში შედიან Flydubai - 47 342 მგზავრით (8%-მდე წილით) და Aeroflot-ი - 40 845 მგზავრით (7%).
ბაზარზე 6% უჭირავს S 7-ს (33 849), 5% Pegasus Airlines-ს (27 413) და 4% Qatar Airways-ს (25 225)
ამავე პერიოდში სულ 32 ავიაკომპანია ოპერირებდა
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 8 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავია, ხოლო 92 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ. 2016 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებლები 11% და 89% იყო.