თქვენ საზოგადოებას დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ - მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილს უფრაქციო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა.
,,პრეზიდენტის სიმბოლო - ქვეყანაში, რომელსაც მონარქიის ათასწლოვანი ტრადიცია გააჩნია, ალბათ ბევრთათვის გულთანაც ახლოს არის და შესაძლოა მომავლის ნიშანიც კია... სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს, არ თუ ვერ გაუფრთხილით ისე, როგორც ეს სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე სამარცხვონო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად გადააქციეთ. გაერთიანებისა და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქეცით. დღესაც ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციას შორის დიდ მსგავსებას. სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში გადახვედით! სამწუხაროდ, თქვენ როცა პირველივე დღესვე შეირგეთ ამ ადგილზე თქვენი დანიშვნა, თქვენვე კითხვის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო მეტ ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენ თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, ვეტოთი ხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ, როცა ნამდვილად დემოკრატიული ან სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა ან საფრთხის ქვეშ დგება. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება მიგეჩვიათ ჯანმრთელ დისკუსიას, აზრთა სხვადასხვაობას და ურთიერთპატივისცემას ამის ნაცვლად, დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, რითაც გამაერთიანებლის როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.