"საქართველოს კარგად ახსოვს, როგორია რუსეთზე დამოკიდებული ენერგო სისტემა. ჩვენ გვახსოვს, როგორ გადაგვიკეტა გაზი რუსეთის ფედერაციამ ზამთარში და სიცივეში ვიყავით",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახიძემ ხელისუფლება "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გამო გააკრიტიკა და საქმეს ბურუსით მოცული უწოდა.
,,საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ აქვს მარტივი განზომილება. იყო საქართველოსთვის მომგებიანი კონტრაქტი, რომელიც შეიცვალა არამომგებიანი კონტრაქტით. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ წლების განმავლობაში თქვენი ხელისუფლება სხვადასხვა არგუმენტებს სთავაზობდა საზოგადოებას თუ რატომ უნდა გადავსულიყავით წამგებიან ხელშეკრულებაზე. ჯერ მოიფიქრეს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, მერე იყო ლაპარაკი, რომ ჩვენთვის მონეტიზაცია უკეთესია, მერე ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ირანიდან შემოვა გაზი. ყველაფერი გადამოწმებადი სიცრუე აღმოჩნდა. ყველაზე მარტივი გამოსავალი, როდესაც ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ხდება არის იმის ახსნა, რა იდგა რეალურად ჩვენთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმების უკან“, - განაცხადა კახიძემ და მაგალითად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირების გათავისუფლება მოიყვანა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის მინდა ვთქვა, როდესაც ამ ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, ჩვენ ვსვამდით კითხვებს, ჩემი ინფორმაციით, არც თქვენ გაქვთ ნანახი ხელშეკრულება, არც თქვენ იცით კონკრეტულად რა წამგებიან პირობებზე დათანხმდა ქართული მხარე, მაგრამ ერთხელ არ დაგიჭერიათ მხარი ჩვენი ინიციატივისთის, რომ მოსულიყო მთავრობის წევრი, მოსულიყო ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კალაძე და დეპუტატების, საზოგადოების წინაშე ესაუბრა. საქართველოს ძალიან ცუდად ახსოვს გაზპრომთან და რუსეთთან დამოკიდებული ენერგოსისტემა, ჩვენ გვახსოვს როგორ გადაგვიკეტა გაზი რუსეთის ფედერაციამ და ვიყავით სიცივეში. ჩვენს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს ის, რომ წლები დასჭირდა საქართველოს, რომ მიეღწია ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ახლა პრაქტიკულად, ჩვენ ნელ-ნელა ვბრუნდებით იმ დროს, როდესაც ჩვენთვის წამგებიან ხელშეკრულებაზე დათანხმება ხდება, როდესაც რუსეთი შანტაჟს ვექვემდებარებით. ჩვენი ეროვნული პრინციპების დაცვა ვერ ან არ ხერხდება. ამ ბურუსით მოცულ გარიგებას აეხდება ფარდა და საზოგადოება ადრე თუ გვიან გაიგებს. დღეს რაც ვიცით არის ის, რომ მთავრობამ ვერ ან არ მოახერხა დაეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. 2015 წელსაც აყენებდით ამ საკითხს, თუმცა პროტესტის გამო, ან თქვენივე გუნდში იყო ისეთი ვინმე, ვინც აყენებდა ამ ტემას, რომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დათმობა. მაგრამ წელს ჩვენ მივიღეთ საქართველოსთვის საზიანო ხელშეკრულება. მივიღეთ რისკი, რომ ჩვენ უფრო მეტად გავხდეთ ენერგოდამოკიდებული რუსეთზე და კიდევ ერთხელ დავუთმეთ ოღონდ სანაცვლოდ ჩვენთვის სასიკეთო არაფერი მიგვიღია’’, - განაცხადა კახიძემ.