,,ცენტრ პოინტი“ დაზარალებულების ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამს. რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, კომპანიის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი 31 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ.
დაცვის მხარის განმარტებით, დოკუმენტში ჩამოთვლილია სამშენებლო კომპანიის ქონების ნაწილი, სულ 41 ობიექტი, რომელთაც ყადაღა უკვე მოეხსნათ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში პირველ მაისს შევა.
„ჩვენ გვყავს ორი ძალიან სერიოზული ინვესტორი. რომ მოგვეცეს საშუალება, შემოვიყვანოთ ეს ინვესტორები ობიექტებზე, ერთ ინვესტორს გარკვეული მიწის ნაკვეთის შესყიდვა უნდა, რის საფასურადაც საკმაოდ სერიოზულ თანხას იხდის, რომელიც ძალიან ბევრი ობიექტის დასრულებას შეძლებს. ჩვენ გვინდა ამაში სახელმწიფოს და პროკურატურის დახმარება, სწორედ ისევ დაზარალებულების ინტერესებიდან გამომდინარე. ის წინადადება, რაც პროკურატურას ჰქონდა, რომ დაასრულეთ და მერე მოვხსნით ყადაღას და მერე გამოვუშვებთ, მიუღებელია,“- განაცხადა ,,რუსთავი 2“ - თან მარინე ცუცქირიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულთა რაოდენობის თაობაზე ზუსტი მონაცემები არც კომპანიას და არც პროკურატურას გააჩნია, თუმცა სავარაუდოდ, მათი რიცხვი 4 წლის განმავლობაში 6 ათასიდან 3 ათასამდე შემცირდა.