საპარლამენტო უმცირესობის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გამახვილდა. მისივე თქმით, ისაუბრეს ასევე, მედიაპლურალიზმზე, სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე.
”ეს ის საკითხებია, რომლითაც ჩანს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან უკან იხევს. ამიტომ მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ვთხოვეთ, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ყველა ეს საკითხი აქტიურად დასვან”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ ,,საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბურთი ”ქართული ოცნების” მოედანზეა - მათ უნდა თქვან, მიიღებენ თუ არა ცვლილებებს, რაზეც მთელი ქვეყანა თანხმდება”.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს ჭიაბერაშვილთან ერთად საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატი გიორგი ტუღუში შეხვდა.