დაახლოებით 30 იანვრისთვის, ჩვენ ალბათ გვექნება დოკუმენტი, რაზეც შეეძლება ყველამ გამოთქვას თავისი მოსაზრება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ.
ეკა ბესელიას თქმით, „ყველა მხარეა ჩართული და საბოლოოდ შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე. დაახლოებით 30 იანვრისთვის, ჩვენ ალბათ გვექნება დოკუმენტი, რაზეც შეეძლება ყველამ გამოთქვას თავისი მოსაზრება“
მისივე თქმით, ჯერჯერობით გამოიკვეთა სამი პოზიცია.
„პირველი არის „ეს შენ გეხებას“ პროექტი, რომლის თანახმად, ეს უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი უწყება და პარლამენტს დაექვემდებაროს. მეორე ვერსია, რაზეც ჩვენ უფრო ვჯერდებით და ვთავაზობთ ამ მოდელს, გულისხმობს კონტროლის რამდენიმე დონის ეტაპს. დაახლოებით ექვსი დონის კონტროლი შემოდის ჩვენი ხედვით, თუმცა არა პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ, იმიტომ, რომ ასეთი მოდელი არ აქვს არც ერთ ქვეყანას. უფრო უნდა ვიაროთ იმ კონსენსუსის გზით, რომ ეს იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ და იყოს შესაძლებელი შეიქმნას სსიპ-ის ფორმით, რაც არის დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე უპირველესი პასუხისმგებლობა. აქ რჩება მაღალი დონის კონტროლის მექანიზმი, მათ შორის სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ემატება პარლამენტი ცალკე ბიუჯეტით და მაქსიმალური გარანტიებით. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო სხვა მოდელზე იყოს საუბარი, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ დამატებითი კონსულტაციები უწყებებთან. აქ ყველა მხარეა ჩართული და საბოლოოდ შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე. დაახლოებით 30 იანვრისთვის, ჩვენ ალბათ გვექნება დოკუმენტი, რაზეც შეეძლება ყველამ გამოთქვას თავისი მოსაზრება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. აქედან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 6 იანვრის სხდომაზე მიიღო გაადწყვეტილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.