თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე გუშინ მომხდარის შესახებ საუბრისას განუცხადა, მუნიციპალიტეტის მიდგომაა, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პროქტით, რომელიც ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.
„ყველაფერზე - მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი - კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და იმ ავარიული, დანგრეული სახლების მაგივრად მიიღებთ ახალ ბინებს, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მერია გიდგებათ თავდებში, ინვესტორზე არ არის საუბარი. მოსახლეობისაც მესმის, რომ გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, აქვთ შიში, რომ ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს კორპუსი. ამის საბაბიც არსებობს. 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო - მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და ასე უამრავი ადამიანი ჰყავთ „გადაყრილი“. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ - ათწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხომ არ არის? მერია დგება თავდებში და არის პასუხისმგებელი, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.