სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნეს.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, სტრატეგიის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას. დოკუმენტი შემუშავებულია შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით.
"სტრატეგიის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე მომზადებულია სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი და საჭიროების შემთხვევაში დამხმარე უწყება/ორგანიზაციები, კონკრეტული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დრო და დაფინანსების წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტი ან/და დონორი ორგანიზაციის დახმარება/გრანტი). დოკუმენტი უზრუნველყოფს გაერო-ს რამოდენიმე გლობალური ჩარჩო-დოკუმენტის მიზნების ინტეგრირებას და აღნიშნულით უზრუნველყოფს „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების შესრულებას ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეესაბამება გაერო-ს „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030“-ის პრიორიტეტულ მიმართულებებს. დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა 2016 წლის აპრილში დაიწყო, დადებითად შეფასდა საერთაშორისო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ. უახლოეს მომავალში დოკუემნტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.