სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ეჭვობს, რომ საქმეზე დაკავებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე შესაძლოა, დამნაშავე არ იყოს.
ნონა ჯოჯუა ფიქრობს, რომ მის შვილს თვითმკვლელობამდე წერილი სხვამ დააწერინა.
"წერილი ნამდვილად არის ჩემი შვილის ხელით დაწერილი, მაგრამ, როგორც ასეთი, წინა მხარეს არამგონია, რომ ჩემი შვილის აზრით იყოს დაწერილი, რადგან ეს წერილი დააწერინეს. წინა მხარეს არეულად წერია, მეორე მხარეს - დალაგებულად. განგებ დაადანაშაულა ვიღაცამ გოდერძი თევზაძე. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ გოდერძი თევზაძე მკვლელია. როდესაც გოდერძი უბნის რწმუნებული იყო, ბევრჯერ დამიდგა გვერდით. არცერთი პოლიციელი არ დამხმარებია", - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
ნონა ჯოჯუას კითხვები აქვს მიმდინარე გამოძიებასთან.
"მიკვირს, რომ იდება სასამართლოები, უმიზეზოდ, მტკიცებულებები არ არის. გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელი, მაშინ ნამდვილი მკვლელი გარეთ დადის, ხომ?! გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის გამოძიება, რას აკეთებს ამდენი ხანი, თუ ის მკვლელი არ არის, ნამდვილი მკვლელი რომ გარეთ დადის. ვფიქრობ, შეიძლება არ არის გოდერძი ნამდვილი მკვლელი და გარეთ არის ის ნამდვილი მკვლელი. შეიძლება, ის არის, რომ მაშინებს. ისიც მაინტერესებს, სადაა გამოძიება, რომ ჩემს შვილს ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ. რომელიც ის ტელეფონი სხვა ბიჭმა მიიტანა ლომბარდში, ეს რატომ არ არის გამოძიებული. იმ ზომაზე ვარ უკვე, რომ არავის ვენდობი, რადგან ყველა გაიფანტა, ყველა წავიდა და დამტოვა. გაურკვევლობაში ვარ, მე მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი. შეიძლება მართლაც ქუჩაში დადის ის და ჩემი შვილი მიწაშია. მოვითხოვ, ქუთაისში ეს რომ არ დამტკიცდეს და ნამდვილი მკვლელი ვინც არის, ის თუ არ დაისჯება, მე თბილისს მივმართავ. თბილისი არ დამეხმარება, სხვაგან წავალ. არ მინდა, ჩემი შვილის მკვლელმა გარეთ იაროს. ისეთი რაღაცები მესმის, ისეთ კითხვები მიჩნდება რომ დავდივარ ყველგან, ყველაფერი მესმის, რომ არამგონია, გოდერძი მკვლელი იყოს", - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.