ვაშლიჯვრის დასახლებაში, გოძიაშვილის ქუჩის პირველ ჩიხში საბურთალოს რაიონის გამგეობა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
აღნიშნულ ქუჩაზე რამდენიმე კვირაში გამართული სანიაღვრე და რეაბილიტირებული სასმელი წყლის მილების სისტემა იმუშავებს.
ამორტიზებული წყლის მილების ქსელი და სანიაღვრის არარსებობა ამ უბნის მცხოვრებთა მთავარი პრობლემა იყო. მათი თქმით, მოძველებული მილები დღეში რამდენჯერმე ზიანდებოდა, რის გამოც მუდმივად უწყდებოდათ წყლის მიწოდება, ფუჭდებოდა გზის საფარი და ა.შ.
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების პარალელურად, GWP-მ კუთვნილი სასმელი წყლის მილების ქსელის რეაბილიტაციაც დაიწყო.
„სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია, მილები ჩაწყობილია და დარჩენილია მხოლოდ მცირე მონაკვეთების დაერთება“, - განმარტავს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე კახა გავაშელი, რომელიც მეთვალყურეობას ობიექტის მშენებლობას პირადად უწევს.
გოძიაშვილის ჩიხში სანიაღვრე ქსელს კომპანია „დარი“ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ქსელის სავარაუდო სიგრძე 319 მეტრია.