შინაგან საქმეთა სამინისტრო სასულიერო პირის ცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,, 2106 წლის 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან კ.
მართავდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ, საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს.
სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა. სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.
აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული. აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოშიც აგზავნის. ამ ეტაპზე ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, აცანის ეკლესიის წინამძღვრის სასტიკად ცემის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“- მა გაავრცელა.
ტელეკომპანიის ცნობით, ცნობით, მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.
„კურიერთან“ საუბრისას მღვდელი ყვება, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით, ავტომობილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა.
ამ დროისთვის, მამა გაბრიელ კახელიშვილი ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.