იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების ვადების საკითხს შეისწავლის.
"არის კონკრეტული პრეტენზიები, გვექნება მასალები, განვიხილავთ ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.
მისივე თქმით, როგორც მოსამართლე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინადან ის სისხლის სამართლის მოსამართლეა და არა სამოქალაქო სამართლის.
გუშინ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განჩინება ტელეკომპანიას იმეილის საშუალებით გაუგზავნა, რაც ვადების დარღვევით მოხდა. გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის მხარე გეგმავდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება 30-ე დღეს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიეღო, რათა მათთვის მიცემული დრო ბოლომდე გამოეყენებინა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლომ ტელეკომპანიას კუთვნილი 18 დღე მოპარა.