პარლამენტში მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებს ცვლილებების არსს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცნობს.
ბარამიძის გამოსვლის შემდეგ, ინიციატივის თაობაზე საკუთარ პოზიციას დეპუტატები დააფიქსირებენ და იმ შემთხვევაში თუკი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები გაზიარებული არ იქნება, ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.
კერძოდ, „რესპუბლიკელების“ მოთხოვნაა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების დროს მოწმის პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.
ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის მიხედვით, მოწმის გამოკითხვა გამომძიებლის მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ თუ ის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს და თუ გამომძიებელს, პროკურორს მიაჩნია, რომ მოწმე დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ პროკურორს უფლება ექნება სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მოწმე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.
ასევე, კანონპროექტით, სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება და 2017 წლის 31 დეკემბრამდე ასეთი წესით მოწმეებს ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც ეხება - განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებს.