„ზოგიერთ მამაკაცს ფემინიზმი სალანძღავი სიტყვა ჰგონია, მე კი მეამაყება, რომ ფემინისტი ვარ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების საკითხს შეეხო.
გამოსვლისას წულუკიანმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა და განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ ბევრ მამამკაცს ქალთა კვოტირების იდეა არ მოსწონდა. მათ შორის, ვახტანგ ხმალაძეს.
მისი თქმით, ფემინიზმი იმას არ ნიშნვს, რომ ქალს სურს, შტანგისტი გახდეს, ან ძიუდოისტი.
„საზოგადოებაში ქალები უმრავლესობა ვართ. ეს ის დემოგრაფიული რეალობაა, რაც არის. 90-იან წლებს გავიხსენებ და გეტყვით, რომ სტუდენტები ვიყავით, აუდიტორიები დაცარიელდა და მხოლოდ ქალები დავრჩით. უბედურებების კასკადმა ის მოიტანა, რომ ქალები უმრავლესობაში ვართ. ახალ თაობაშიც გოგონები არიან მეტნი. პარლამენტში უკეთესად წარმოდგენილნი უნდა ვიყოთ და იმას არ ვითხოვთ, რაც საფრანგეთში ხდება. ვფიქრობ, რომ ეს მეორე უკიდურესობაა, რადგან პარლამენტი ვერ შედგება, თუკი შემადგენლობის ნახევარი ქალები და კაცები არ არიან. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პარლამენტში 75 კაცი იყოს და 75 ქალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ჩვენ ვითხოვთ, რომ უკეთესად ვიყოთ წარმოდგენილნი. პირველი რესპუბლიკის დროს ხუთი დეპუტატი ქალი გვყავდა და ეს ტრადიცია უნდა გაუმჯობესდეს. მართალია, პარლამენტში წინა ხელისუფლების დროს 9 ქალი იყო და დღეს 15 არიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მოვლენებს სხვადასხვანაირად ვუყურებთ, რადგან სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ვართ და გვინდა, რომ სრულფასოვანი პარლამენტი გვქონდეს. სამწუხაროდ, არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ დღეს სრულფასოვანი პარლამენტი არ გვყავს. ასე იყო მისი წინაც“, - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრი ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარეს, გიგა ბუკიასაც გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალთა კვოტირების საკითხი პარტიის წესდებაში უნდა იყოს გაწერილი და არა კანონში.
„კონსერვატორები“ პირველი პარტიაა, რომელმაც თქვა, რომ მომავალი სია ქალებით იქნება გაჭედილიო. მათ ეს აჩვენეს, მაგრამ ეს არ კმარა, რომ მათ სხვა პარტიებმა მიბაძონ. ერთი პარტიის მაგალითი რომ კმაროდეს, მაშინ საქართველოში ერთი გამგებელი ქალი არ გვეყოლებოდა. პარტიებმა ქალები არ დაასახელეს და ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ქალებს გამარჯვების მოტანა არ შეგვიძლია თუნდაც მაჟორიტარულ ოლქებში. ბატონო გიგა, თქვენ არ ყოფილხართ ქალი და არ იცით, რა არის, როდესაც კაცები დასხდებიან.... კაცი არ ვყოფილვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან საკუთარი უფლებები დავიცვა მიწევს. პარტიებში დასხდებიან ბიჭები, სიებს წერენ და ქალები მხოლოდ პლაკატების გამკვრელებად უნდათ. ეს ასეა და როცა სიები დგება, იქ წერია - კაცი, კაცი, კაცი და უცებ ქალი გაახსენდებათ და ჩაწერენ. ქალები გამსვლელ სიებში არ არიან. ამ ინიციატივას მხარს ჩვენთვის არ ვუჭერთ. მე პარტია საერთოდ არ მყავს და ალბათ, პარტიულ სიაში არ ვიქნები. პარლამენტის კარი ქალებისთვის ჭუჭრუტანის ზომისაა და ეს კარი უნდა გავაღოთ. თუ კანონი ადამიანს კარგს აიძლებს, ეს პროგრესის საწინდარი იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში მინიმუმ 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას უზრუნველყოფს.