საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი 5%-დან 4%-მდე მცირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის წარდგენილი და მისი ამოქმედება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იგეგმება.
პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გაუქნება, რომლის მიხედვითაც, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს დააგროვებენ, ვიდრე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის არის საჭირო, მანდატები ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე უნდა შეევსონ. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციიდან ამოდის და მასში იწერება, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება.
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითად სიახლეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარება წარმოადგენს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.
ამასთანავე, 12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც ისინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. პარტიების წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს სთხოვენ შექმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე იმუშავებს, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდეს.