2016 წლის ბოლომდე შაორის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. საუბარია სასტუმროზე, რომელსაც რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი თამაზ ჯანელიძე ააშენებს. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე აცხადებს, ინვესტორს ხარჯთაღიცხვა უკვე მზად აქვს და დეტალების დასაზუსტებლად და შესათანხმებლად ის საქართველოში აგვისტოს ბოლომდე ჩამოვა. სასტუმროს მშენებლობაში კი 0.5 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციას განახორციელებს.
პაპუნა მარგველიძის თქმით, ბოლო პერიოდში, შაორის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობით დაინტერესებული ინვესტორთა რაოდენობა იზრდება.
”შაორის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობით დღეს უფრო მეტი ინვესტორია დაინტერესებული, ვიდრე ადრე. აღნიშნული პროექტით დაინტერესებულნი არიან, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ბიზნესმენები. აქამდე ინვესტორები მაინც თავს იკავებდნენ, რადგანაც სათანადო ინფრასტრუქტურა არ იყო მოწესრიგებული: არ იყო მიყვანილი წყალი და ელექტროენერგია. დღეისათვის ორივე პრობლემა მოგვარებულია. გეტყვით, რომ საპარტნიორო ფონდთან ერთად, შაორისა და შოვის განვითარების გენერალური გეგმა მზადდება”,- აღნიშნა გუბერნატორმა.
მისივე ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ შაორის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობით საპარტნიორო ფონდიც დაინტერესდეს.
ასევე გამორიცხული არ არის, რომ შაორის ტბის მიმდებარედ სამთო-სათხილამურო კურორტიც მოეწყოს.
”შაორსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ ის გადაიქცეს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის კურორტად. აქ მაისამდე თოვლია შენარჩუნებული. შესაძლებელია ამ პოტენციალის გამოყენებაც. აღსანიშნავია, რომ სათხილამურო ტრასების მოწყობა ადრინდელ გეგმაშიც იყო გათვალისწინებული
ასევე შაორის მიმდებარედ უნიკალური მღვიმეებია. შარშან აღმოაჩინეს მღვიმე, სადაც სტალაქტიდებს ბურთისებრი ფორმა აქვს, რასაც მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ”,- აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.
პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია ასევე, ტბასთან მდებარე პატრიოტთა ბანაკი მოდერნიზებაც და ის ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მსგავსი გახდება.
შაორის ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევა 2007-2008 წლებში მომზადდა და არსებული გათვლებით, საინვესტიციო ფართი 1500 ჰა-ს მოიცავს.
გენერალური გეგმა ითვალისწინებდა შაორის ტბის მიმდებარედ გარკვეული შენობა-ნაგებობების, გოლფ კლუბის, სათხილამურო ტრასების, კორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
შეგახსენებთ, რომ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს მთავრობა 2007 წლიდან გეგმავს. ამ ადგილის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად ქცევა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის იდეა ექს ეკონომიკის მინისტრს გიორგი არველაძეს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ კურორტის მშენებლობის გენერალური გეგმა კომპანია "გეოგრაფიკმა" შეიმუშავა, რომლის თანახმადაც შაორის მიმდებარედ 700 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანება იგეგმებოდა, საიდანაც 300 ჰექტარზე პატარა ქალაქი უნდა აშენებულიყო. პროექტის თანახმად ტბასთან 2,5 კმ სიგრძის ასაფრენი ბილიკი და მცირე აეროდრომიც უნდა მოწყობილიყო.
2010 წლის თებერვალში ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოწვევით საქართველოში ეგვიპტელი ინვესტორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს.