იქიდან გამომდინარე, რომ უშიშროების აპარატი მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ არ არის, ადმინისტრაციის შენობიდან გადასვლა აუცილებელი გახდა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს. გოგი ახალკაცის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უნდა განთავსებულიყო მხოლოდ ის უწყებები, რომლებიც უშუალოდ პრემიერს ან მთავრობას ექვემდებარება.
,,შესაბამისად, უშიშროების საბჭოს აპარატს მომართეს თხოვნით, დაეცალათ მეშვიდე სართული, რომელზეც ჩვენ ვიყავით განლაგებული, რადგან უშიშროების აპარატი მთავრობისადმი დაქვემდებარებულ უწყებებს არ მიეკუთვნება. ამის შემდეგ, მართლაც იყო მოლაპარაკება ალეტერნატიული შენობის შერჩევასთან დაკავშირებით, მათ შორის ათონელის ქუჩაზე განთავსებულ რეზიდენციაზეც იყო საუბარი და მიმოწერა, რომელიც გასაჯაროვდა, ვადასტურებ რომ იყო, თუმცა საბოოლოო ჯამში შეთანხმება ვერ შედგა“, - განაცხადა ახალკაცმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს პირველად, გასული წლის ნოემბერში მიმართეს თხოვნით, რომ გადასულიყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან, რის შემდეგაც, უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენცია შესთავაზეს. ცქიტიშვილის თქმით, საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, მოგვიანებით კი, ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეს ფართი არ შეესაბამებოდა საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს.