საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „ჰექსოგენის“ საქმეზე დაკავებული ორი პირის შესახებ უკრაინის საელჩოს ოფიციალური შეტყობინება დაუყოვნებლივ გაეგზავნა.
სუს-ის ცნობით, სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, ანდრეი ბილიკს, რომელმაც ოფიციალური გზავნილის მიღება დაადასტურა.
“მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე, როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრეი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც”, - აცხადებენ სუს-ში.
მანამდე, საქართველოში უკრაინის საელჩო ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილ უკრაინის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ და აღინიშნება, რომ საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად.