პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა უარყო. როგორც მთავრობის მეთაურმა „2030“–ის ეთერში განაცხადა, საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხეს არ შეუქმნის.
„ჩვენ არავითარი მცდელობაც კი არ გვქონია, რომ ამ ბანკზე, მის ხელმძღვანელებზე, რაიმე ზეწოლა მოგვეხდინა. პირიქით, ჩვენი მთავარი სურვილი იყო და დღესაც რჩება, რომ მოხდეს მთავრობის მაქსიმალური დისტანცირება ეროვნული ბანკისგან და ის ჩამოყალიბდეს როგორც რეალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, და არა პროკურატურის დანაყოფი, როგორითაც აღიქმებოდა ის წლების განმავლობაში.
რაც შეეხება ამ კანონპროექტს, მე გეტყვით, რომ თავდაპირველად იყო გარკვეული შეშფოთება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. <...> ჩვენ თავიდანვე ჩავრთეთ პროცესში IMF–ის წარმომადგენლობა, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი. ამ საკითხზე მე თავად მქონდა საუბარი ევროკავშირის ვიცე–პრეზიდენტთან და მე დავარწმუნე ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთანავე პრემიერმა უპასუხისმგებლო უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები არღვევენ ასოცირების ხელშეკრულებას.
„განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ ინიციატივით რაიმე საფრთხე ექმნებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, არის სრულიად უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოში, ზედამხედველობის სამსახური არის ჩამოყალიბებული ცალკე სტრუქტურად. ასე რომ, ეს არის სახელმწიფო დისკრეცია, თუ როგორი მოწყობა გვსურს შევთავაზოთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.