ანბანის კოშკი და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 20 წლის სარგებლობის უფლებით ესპანურ კომპანია Boost Spain-ს გადაეცა.
ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ესპანურ კომპანიას შორის დღეს გაფორმდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ანბანის კოშკში მრავალფუნქციური ობიექტი აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება.
უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, Boost Spain S.I. -მა ვალდებულება აიღო, რომ ანბანის კოშკის სარგებლობის საფასურს 1 ლარს, ყოველი წლის ბოლო რიცხვამდე გადაიხდის.
ასევე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში სარგებლობაში გადაცემული ქონების რესტავრაცია უნდა განახორციელოს, ხოლო 3 თვეში ლიფტები ექსპლუატაციაში შეიყვანოს. ინვესტორმა ასევე, 3 თვეში განათების სისტემები უნდა გამართოს და ანბანის კოშკში მრავალფუნქციური ობიექტის (გასართობი ცენტრი, რესტორანი, ბარი და სხვა) გამართვა უზრუნველყოს. ასევე ქალაქის ხედების უზრუნველსაყოფად უზრუნველყოს დურბინდის მოწყობა.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ მრავალფუნქციური ობიექტის ამოქმედებიდან სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სარგებლობაში გადაცემული ნაგებობის, ლიფტების, გარე განათების სისტემების, მოვლა-პატრონობა და სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მესაკუთრისათვის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარება, უზრუნველყოს.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ Boost Spain S.I.-ს კოშკის განათებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს თავად დაფარავს, ეს იმ ფონზე, როდესაც აწარის ბიუჯეტს ანალოგიური ხარჯი წელიწადში 700 ათასი ლარი უჯდებოდა.
თავის დროზე ანბანის კოშკის მშენებლობა ბიუჯეტს 65 მლნ ლარი დაუჯდა. “საოცრებათა პარკის” ტერიტორიაზე განთავსებული ქართული ანბანისადმი მიძღვნილი თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობის სიმაღლე 135 მეტრია. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო კოშკზე წარმოდგენილია მხედრულად, ხოლო ანბანის თითოეული ასოს სიგრძე 3 მეტრი და 70 სმ-ია. შენობა მთლიანად რკინისაა და მასში გადაადგილება მხოლოდ ლიფტითაა შესაძლებელი, რომელიც, თავის მხრივ, შემინულ პანორამულ კონსტრუქციას წარმოადგენს.
ქართული ანბანის კოშკი ბათუმის სიმბოლოდ ითვლება და სხვა შენობებისგან იმით გამოირჩევა, რომ იგი ქალაქში ერთ-ერთი მაღალი შენობაა. კოშკის სფერო სამ სართულიანია (ფართი 1252 კვ.მ.). ორი სართული განკუთვნილია მბრუნავი რესტორნისთვის და ოფისისთვის. სფერო ერთი საათის განმავლობაში ერთ სრულ ბრუნს ასრულებს, საიდანაც ქალაქის ხედები არაჩვეულებრივად ჩანს.